ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ყირიმ–კონგოს ცხელებით 70 წლამდე კაცი დაავადდა


ყირიმ–კონგოს ცხელებით 70 წლამდე კაცი დაავადდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო. „პაციენტს შემოსვლისას მდგომარეობა მძიმე ჰქონდა. იგი გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრში“,- განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკაში ასევე განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს მათთან ყირიმ-კონგოს დადასტურებული შემთხვევით მხოლოდ ერთი პაციენტი მიიღეს. ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. ახალციხის მერიაში განგვიცხადეს, რომ გასულ თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთაში მდებარე ფერმაში ყირიმ-კონგოს ცხელება ქალს დაუდასტურდა. იგი უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს. მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან. წყარო: სამხრეთის კარიბჭე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია