ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მაშველებმა გაუჩინარებული ქალი იპოვეს


მაშველებმა გაუჩინარებული ქალი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი უვნებლად იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალბატონის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ქალბატონი სახლიდან 7 აგვისტოს სავარაუდოდ ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი“,_ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია