- მარტი 02, 2026
ნარკოშემოწმების შედეგები: დადებითი პასუხის მქონე პირებს შორის არასრულწლოვნებიც არიან
- ოქტომბერი 18, 2023
- , პოლიტიკა
მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1436 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1030-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. რეგიონების მიხედვით, ეს მონაცემები ასე გამოიყურება. ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქის მასშტაბით შემოწმდა. თბილისში შემოწმებულ 609 ადამიანს შორის, დადებითი პასუხი 498 ადამიანს აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებულ პირებს შორის 3 არასრულწლოვანია და 3-ვეს ნარკოტესტის პასუხი დადებითია. თბილისის შემდეგ, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 164 ადამიანი აჭარაში შემოწმდა. შემოწმებულ პირებს შორის 95-ს ნარკოტესტზე დადებითი შედეგი ჰქონდა. 136 ადამიანი შეამოწმეს კახეთში, სადაც 101 დადებითი პასუხი დაფიქსირდა. 133 ადამიანი შემოწმდა სამეგრელოში, სადაც ასევე 101 დადებითი პასუხი აქვს. 94 ადამიანი შეამოწმეს შიდა ქართლში.შემოწმებული პირებიდან 57-ის შედეგი დადებითია. 91 ადამიანი შემოწმდა ქვემო ქართლში, რომელთაგან 69-ს ნარკოტესტზე დადებითი პასუხი აქვს. 65 ადამიანი შეამოწმეს გურიაში, სადაც როგორც უკვე ვწერდით, 33 დადებითი პასუხი დაფიქსირდა. 21 ადამიანი შემოწმდა სამცხე-ჯავახეთში, შემოწმებული პირებიდან სამართალდამცავებმა ნარკოლოგიური თრობა 17 ადამიანს აღმოუჩინეს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უწყების თანამშრომლებმა, მესამე კვარტალში, ყველაზე მეტი - 800 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 584-ს ჰქონდა. რაც შეეხება ქალებს - ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 37 ქალს შორის, ნარკოტიკული თრობა 10-ს დაუდასტურდა.