- მარტი 02, 2026
ორი ქართული გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში
- მაისი 21, 2023
- , პოლიტიკა
დასკვნით ეტაპზეა ევროპული საკლუბო ფეხბურთის თითქმის ყველა ტურნირი. ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 2 არის. ეროვნული ნაკრების ორი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის გუნდები ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვიან. გუშინ გამართულ 36-ე ტურში „ბორდომ“ გადარჩენისთვის მებრძოლ „ლავალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 86-ე წუთამდე ითამაშა, რა დროშიც გოლს (32-ე წუთზე) და საგოლე გადაცემას (49-ე წუთზე) მოუყარა თავი. „ბორდოსთვის“ ეს მეოცე გამარჯვება იყო. 69 ქულით გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე და 2 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან „ლე ჰავრს“ (ერთი თამაშით ნაკლები). ჟირონდელებს 2 თამაში დარჩათ გასამართი, 26 მაისს „ანნესს“ ესტუმრებიან, ხოლო 2 ივნისს „როდეზს“ უმასპინძლებენ. ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. რაც შეეხება ზურიკოს მონაგარს, 28 მატჩი ქართველმა შემტევმა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოაგროვა. ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს საქართველოს ეროვნული ნარების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე. რომელმაც გუშინ „გინგამთან“ სტუმრად გამართულ მატჩში თავისი 23-ე გოლი გაიტანა და „მეცი“ დააწინაურა, თუმცა ლოთარინგიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ძალიან საჭირო 2 ქულა დაკარგეს. 66 ქულით „მეცი“ მე-3 პოზიციაზეა და 3 ქულით ჩამორჩება „ბორდოს“. დარჩენილი 2 თამაშიც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ელოდებათ. 26 მაისი გასვლა მე-6 ადგილოსან „სოშოსთან“ და 2 ივნისს მე-4 ადგილოსან „ბასტიასთან“ შინ. გიორგიმ 23 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც გააკეთა და 5 გოლით უსწრებს „კაენის“ ბომბარდირ ალექსანდრე მენდის. ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. [simple-author-box]