- მარტი 02, 2026
საიდან იმოძრავებს ტრანსპორტი საგამოცდო ცენტრებისკენ თბილისში
- ივნისი 27, 2023
- , პოლიტიკა
ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. დედაქალაქის მერმა აქვე, გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.