- მარტი 02, 2026
სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 10 კლასამდე გაიზარდა
- ივლისი 18, 2024
- , პოლიტიკა
სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური მე-10 კლასამდე გაიზარდა. პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესწორება. კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი - I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი - VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი - XI-XII კლასები). საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ცვლილების საფუძველი გახდა: „საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა“. საკანონმდებლო ცვლილებებით სამწლიანი საშუალო განათლება შემცირდა 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი დარჩა.